რატომ უტევს რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას, რისი ეშინია ჩრდილოელ მეზობელს სინამდვილეში და რას სთხოვს ოფიციალურ თბილისს
რუსეთი ჰიბრიდულ ომს განაგრძობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო დონის ლაბორატორიის მიმართ, რომლის ფასდაუდებელ მნიშვნელობას „კოვიდ 19“-ის პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.
რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი რუსული პროპაგანდის სამიზნე კიდევ ერთხელ ხდება. არაერთი ცილისმწამებლური განცხადების შემდეგ ლაბორატორიის მუშაობის მიმართ ეჭვებს ამჯერად ლავროვის უწყება გამოთქვამს და ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. ორი წლის წინ, ლაბორატორიის დასათვალიერებლად ჩამოსულ საერთაშორისო ექსპერტებს შორის, მოწვევის მიუხედავად, რუსი სპეციალისტები არ ყოფილან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი ცენტრის დისკრედიტაციას პროპაგანდისტული მედიის გარდა, რუსეთის ოფიციალური უწყებები ცდილობენ.