რუსული თუ ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი – პროტესტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო მწვავდება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ოპონენტებს საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და არწმუნებენ, რომ ამერიკაში მოქმედი კანონის შერბილებული ვარიანტია მათ მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვას გულისხმობს. საუბარია აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის აღსაკვეთად ამოქმედებულ უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტზე, იგივე ფარაზე, რომელიც წლებთან ერთად ლობიზმის ფინანსური გამჭვირვალობის მარეგულირებელ კანონად იქცა. დოკუმენტი უცხო ქვეყნების და მათი წარმომადგენლების ლობისტური საქმიანობის რეგულირებას ეხება და მათ რეგისტრაციას და საქმიანობის გასაჯაროებას ავალდებულებს, უარის თქმა კი ჯარიმებს, ან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოლიტიკური ლობიზმის კონტროლი ის მთავარი არგუმენტია, რის საფუძველზეც ოპოზიცია ამერიკულ და ქართულ მოდელებს შორის ვერანაირ საერთოს ხედავს. გასხვავებით რუსეთში 2012 წელს ამოქმედებული კანონისგან, რომელიც თავიდან მესამე სექტორზე მომზადდა, თუმცა ახლა უკვე ყველა სფერო და ფიზიკური პირებიც კი მოიცვა.