ბრძოლა პარლამენტში და პროტესტი პარლამენტს გარეთ – ოპოზიცია სადავო კანონპროექტის გარშემო წინააღმდეგობრივი მოძრაობის შეწყვეტას არ აპირებს და ყველა ბერკეტის გამოყენებას გეგმავს.
საკანონმდებლო ორგანოში ხმაურიანი განხილვებია მოსალოდნელი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივის პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდზე ზეწოლის გაგრძელებას აანონსებენ. გეგმაა, რომ ყველა საკომიტეტო მოსმენას დაესწრონ და პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვაშიც აქტიურად ჩაერთონ. ოპოზიციური ფლანგის სამოქმედო სტრატეგია ქუჩის აქციების გაგრძელებასაც გულისხმობს. მოთხოვნა უცვლელია – კანონპროექტი, შარშანდელის მსგავსად, უკან გაიწვიონ. ამ სულისკვეთებით არის გაჯერებული და სრული კოორდინაცია-მობილიზაციის მზაობაა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს მხოლოდ ექვსი ოპოზიციური პარტია აწერს. მათ შორის არ არის „გირჩი“, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს და არასამთავრობო სპექტრთან ერთად პროტესტის მკაფიო გეგმაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.
თეონა ხუბულავა არკვევდა, რა სქემით და გზებით ესახება ოპოზიციას პროტესტის გაგრძელება.