რადიო „თავისუფლების“ სტატია - შეფასებები

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი, გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში.

მოძრაობა „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვს უკრაინას საქართველოსთან მიმართებაში. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები კი განმარტავენ, რომ უკრაინის ხელისუფლების არსებული დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა „თვითერის“ გვერდზე დაწერა: „ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოხვდა ბელარუსი რუსეთთან ერთად სანქციების სიაში, არის ის, რომ თავად უკრაინამ მოითხოვა, მინსკი ამ სიაში არ შეეყვანათ“.

ამ ინფორმაციას უკრაინული მხარე უარყოფს.