გორის ჰოსპიტალის ექიმის განცხადება

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდება, რომ მან სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაცია დამალა.

ნინო გოგორიშვილის თქმით, მკურნალობის პროცესზე ყველა ინფორმაცია ცნობილი იყო და გადაეცემოდა ცენტრ „ემპათიას“, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კომისიას. „მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები სრულიად საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა. ამასთან, ჟურნალისტებმა ექიმს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადების კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა, „მაგნიტსკის სიაში“ ნინო გოგორიშვილიც მოხვდეს. გოგორიშვილის განცხადებით, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა.