საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიცია ერთობლივი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს. თუმცა, ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის მიღწევა ვერც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გარშემო არსებულმა მწვავე პროტესტმა ვერ მოახერხა.
განცხადებას, სადაც ხელისუფლების ოპონენტები სადავო ინიციატივის წინააღმდეგ საკუთარ მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებენ და მის უკან გასაწვევად დაგეგმილ ნაბიჯებზე საუბრობენ, მხოლოდ ექვსი პარტიის ხელმოწერა აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას და პროექტის დასაბლოკად საპარლამენტო ტრიბუნის აქტიურად გამოყენებას აპირებს, გეგმაა განხილვების პარალელურად აქციების გზით ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება. თუმცა საინტერესოა, როგორ ესახებათ ბრძოლის გაგრძელება და რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ, პროტესტის და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ რეზონანსულ კანონპროექტს კანონად აქცევს.
ოპოზიციის სამოქმედო ტაქტიკით სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა.