თანამშრომლობის ფორმების გარკვევასთან ერთად, ოპოზიციის დღის წესრიგში საპარლამენტო მანდატების თემაც აქტიურდება.
პარლამენტს გარეთ დარჩენილი ცალკეული პარტიების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ ამჯერად ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს. გარდატეხის არა, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარების დაძაბვის გზა გიორგი მარგველაშვილისთვის სწორედ საპარლამენტო ბოიკოტზე გადის. თუმცა, 2020 წლისგან გასხვავებით, როცა „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების არგუმენტით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ გზად მიიჩნევდნენ, ახლა პოლიტიკური სურათი შეცვლილია. საპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდანაც, არასაპარლამენტო პარტიებს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები შეახსენეს და მომდევნო არჩევნებისთვის მზადების დაწყება ურჩიეს.