ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განცხადება

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მშენებლობის პროცესში ხეების დაგეგმილ მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საუნივერსიტეტო კომპლექსში მიუთითებენ, რომ ტერიტორიაზე იგეგმება ათასობით ახალი ხის დარგვა. განცხადების მიხედვით, მასშტაბური პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, როგორც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განმარტავენ, გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან მათი თქმით, სადერივაციო არხის გაჟონვა წლების განმავლობაში იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით,  ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია. საქართველოს მთავრობის 17 მაისის განკარგულებით, ასოციაცია „ატუს“ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა.