ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს იწყებს. რამდენიმეწლიანი მასშტაბური სამუშაოების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებელი საზეიმოდ გაიხსნა. პირველ ეტაპზე სამ ინგლისურენოვან პროგრამას 246 სტუდენტი დაეუფლება. ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები ჩაატარებენ.
საგანმანათლებლო პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებს ეყრდნობა. საზეიმო გახსნის ცერემონიას ამავე უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტიც დაესწრო. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული უნივერსიტეტი ხვალიდან სტუდენტებს, პანდემიის გამო, შერეულ სასწავლო მოდელს შესთავაზებს.