განათლების მინისტრმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტის რექტორთან და გერმანელ მეცნიერებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, ისინი 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საცხოვრებელს, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა. უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბერში უნდა იყოს.
ფონდი „ქართუ“ პროექტს სრულად აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება ერთი მილიარდი ევროა.