გენერალური პროკურატურის მიერ „ქოლცენტრების“ საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის გამოძიება კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მთავარი თემაა. ოპოზიციის ნაწილისთვის საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაა და აქცენტს ისევ ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე აკეთებენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას საგამოძიებო კომისიის შექმნასა და საერთაშორისო გამოძიების დაწყების საჭიროებაზე ამახვილებენ. ისინი „ქოლცენტრების“ საქმეში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კავშირებზე მიუთითებენ. მმართველ გუნდში კი მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ და აინტერესებთ, რატომ გადაადგილდება ასეთ მძიმე საქმეებში ბრალდებული დავით კეზერაშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად.