პოლიტიკური შეფასებების თემაა ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული მიხეილ ბენიამინიც. ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილია. ცნობილი გახდა, რომ სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა. რამდენიმე ქვეყანაში დაწყებული გამოძიების შემდეგ, ბინიამინმა ალბანეთი დატოვა, თუმცა ის საერთაშორისო ორდერით, ერევანში დააპატიმრეს. ქოლცენტრების საქმის ფიგურანტებმა ევროპელ პენსიონერებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს. „მილიარდიანი თაღლითობა” – ამ სახელწოდებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგამოძიებო მასალა აპრილში გამოაქვეყნა.