ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ განცხადება გაკეთდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფურ დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, პროკურატურის, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. მათ შორის თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.