ქოლცენტრების მორიგი საქმე - გამოძიებაში კეზერაშვილი ფიგურირებს  

ქოლცენტრების კიდევ ერთი საქმე, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ფიგურირებს.

საქართველოს პროკურატურამ, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებულია, დაუსწრებლად კი ბრალი ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს წარუდგინეს. როგორც გამოძიებით ირკვევა, დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანამშრომლობით, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „მორგანი ლიმიტედის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მათ მოტყუებით იყოლიებდნენ სხვადასხვა ფინანსური ინვესტიციის განხორციელებაზე. აღნიშნული სქემით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 3 170 000 ევროს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და დისშვილის ანგარიშებზე მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა.

კეზერაშვილის უფლებადამცველმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა.