დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული თაღლითური „ქოლცენტრის“, „მორგან ლიმიტედის“ წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ხუთივე პირის მიმართ პატიმრობას ითხოვს. სამი დაკავებულია, ორი მათგანი – ელდარ ბენიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც აღნიშნულ „ქოლცენტრის“ არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ, მიმალვაში არიან. პროკურატურის მტკიცებით, „მორგან ლიმიტედის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, დავით კეზერაშვილთან, მის დასთან და დისშვილთან მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ევროპული ქვეყნების მოქალაქეების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმებიან და არასაპატიმრო აღკვეთს მოითხოვენ. ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მისცა პასუხისგებაში. დაზარალებულები გერმანიის, სლოვაკეთისა და სლოვენიის მოქალაქეები არიან. მათ საკუთარი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს მაშინ მიმართეს, როდესაც თაღლითური კომპანიის თანამშრომლებმა თანხების მოთხოვნის შემდეგ კავშირი შეწყვიტეს. თანხების მოთხოვნამდე დაზარალებულები დიდი ოდენობით თანხებს ათავსებდნენ ბიტკოინებზე. თაღლითური კომპანიის თანამშრომლები არწმუნებდნენ, რომ მათი კაპიტალი იმატებდა და ამ მატებას ელექტრონულადაც თაღლითური სქემით აჩვენებდნენ. დაზარალებულებს შორის პენსიონერებიც არიან. ერთ ერთ პენსიონერს, 129 000 ევრო აქვს განთავსებული. თაღლითური კომპანია 2019-2021 წლებში საქმიანობდა ჯერ საბურთალოზე შანჰაის ტერიტორიაზე ნაქირავებ ოფისში, მოგვიანებით პეკინზე მდებარე შენობაში. დასაქმებული ჰყავდა 600-ზე მეტი თანამშრომელი. პროკურატურის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების მოქალაქეებმა 3 მილიონ 170 000 ევროს ზიანი მიიღეს.