„რუსთავი ორის” მფლობელი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ტელევიზიის წილების დაბრუნებიდან თითქმის ერთ თვეში ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის გაყიდვა სურს. არხის მფლობელი გეგმის სისრულეში მოსაყვანად პოტენციურ მყიდველს საკუთარ პირობებს სთავაზობს და ტელევიზიის საჯარო კონკურსის წესით გასხვისებას აანონსებს.
ხალვაში მზად არის, წილების გაყიდვის მიზნით ესაუბროს ყველას, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. გადაწყვეტილების მიზეზად ტელევიზიის მესაკუთრე არხზე არსებულ ფინანსურ კრიზისს ასახელებს, ყოფილ გენერალურ დირექტორს ტელევიზიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ საერთო ჯამში ტელეკომპანიის დავალიანება 70 მილიონ ლარს შეადგენს.
ტელევიზიაში არსებულ უმძიმეს ფინანსურ ვითარებაზე და საეჭვო ხელშეკრულებებზე საუბრობს მოქმედი დირექტორიც, რომელიც „რუსთავი ორისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კიდევ ერთი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
ახალი მენეჯმენტის ბრალდებებს კონტრბრალდებებით პასუხობს ნიკა გვარამია. არხის ფინანსური მდგომარეობის პარალელურად აქტიურ ფაზაში გადადის წილების გარშემო დავაც.