ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.