ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ძველით ახალი წელი აღნიშნეს

ძველით ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვებით გააცნეს.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცა.