პოლიტიკური სპექტრი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს. ხელისუფლების ოპონენტებისგან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა სიაში წარმატებული ქართველი სპორტსმენების შეყვანაზე. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან რომ სწორედ ამ გუნდით, ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინეს. სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. ოცეულში არიან ცნობილი სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.