როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ თემაზე ვრცელი წერილი გაავრცელა და კონკრეტული კითხვები დასვა, რაზეც თავადვე გასცა პასუხები. წერილში ვკითხულობთ: „როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი. როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი. როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – არა.“ – ასეთია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელსაც პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებები განსხვავებულია.