„ქართული ოცნების“ პარტიული სიის ოცეული ცნობილია. ჩამონათვალში პირველი გიორგი გახარიაა, რომელიც ამავე დროს მმართველი გუნდის პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. სიის პირველ ხუთეულში ძველი სახეები, ოცეულში კი პოლიტიკისთვის და პარლამენტისთვის ახალი სახეებიც არიან, მათ შორის სპორტსმენებიც. სიის პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ოცეულში ღირსეული და წარმატებული ადამიანები წარადგინა, რომლებიც შეძლებენ ახალი იდეებისა და მოტივაციის შემოტანას პოლიტიკაში. არჩილ თალაკვაძე ოპონენტების კრიტიკასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის კომენტარები საფუძველს მოკლებულია და ამ პარტიებს უკვე 20 წელია, საზოგადოებაში ნდობა არა აქვთ.