მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა დელეგატები როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიიდან უკვე ცნობილია იმ 30 კანდიდატის ვინაობა, ვინც მმართველმა პარტიამ 22 რეგიონსა და დედაქალაქის 8 ოლქში დელეგატებად დაასახელა, მათ შორის არიან როგორც ახალი, ისე კარგად ნაცნობი სახეები. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, დელეგატების დასახელების მთავარი მიზანი ამომრჩევლებთან კომუნიკაციის გაძლიერებაა, რაც თავის მხრივ მოქალაქეებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული ოლქებისა თუ რეგიონების პრობლემების თაობაზე საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტულ დეპუტატებთან ჰქონდეთ კავშირი. რაც შეეხება უკვე თავად საარჩევნო კამპანიის პროცესს, კამპანია მმართველმა პარტიამ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას შეხვედრით დაიწყო და როგორც აცხადებენ, შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.