მოწოდება მაქსიმალური მობილიზაციისკენ და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების გეგმა – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა დღის მთავარი პოლიტიკური თემაა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამომრჩევლებს იმ გარემოებებს უხსნის, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, ყოფილი მმართველი პარტიის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაა.
ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის თავზე, მმართველი გუნდი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურ დონეზე აკრძალვას პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და ომის საფრთხის განეიტრალების აუცილებელ წინაპირობად აცხადებს და რეფერენდუმად მიჩნეულ არჩევნებზე ელექტორატს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდებს.
გაზრდილი საფრთხეები და არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ამ ფორმით დასმული აქცენტი პროპაგანდის ნაწილია ხელისუფლების ოპონენტებისთვის. მმართველი პარტიის ლიდერთა გზავნილებს, რომლებიც მცხეთაში გამართულ პირველ რეგიონულ შეხვედრაზე გაჟღერდა, ოპონენტების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი იმ გერემოებაზე კეთდება, რომ გამოსვლების დიდი ნაწილი ყოფილი მმართველი პარტიის კრიტიკას დაეთმო.