„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება - გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ განცხადება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საზოგადოება რეალურად არჩევანის წინაშეა, რომელიც ომსა და მშვიდობას, დამოუკიდებლობასა და გარე ძალების მორჩილებას შორის უნდა გაკეთდეს. ოპოზიცია კი აღნიშნულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მათი შეფასებით ამ გზავნილებით „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და კონკრეტული თემებით აპელირება დღეს მხოლოდ ქვეყნას აზარალებს. შეგახსენებთ ქართული ოცნების წერილში აღნიშნულია, რომ არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს. დოკუმენტში რამდნიმე პუნქტია გაერთიანებული. ასევე ნათქვამია, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს, რომლებიც სხვადსხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. წერილში საუბარია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვაზე და ნათქვამია, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიში ხდება. „ქართული ოცნების“ თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მშვიდობიანი გზით.