არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს. წერს „ქართული ოცნება“. პარტიის პოლიტსაბჭომ დილიდან განცხადება გაავრცელა, სადაც რამდენიმე პუნქტი გააერთიანა. მათ შორის საუბარია მოახლოებულ არჩევნებზე.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, ოთხწლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
წერილში საუბარია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვაზე და ნათქვამია, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიში ხდება. „ქართული ოცნების“ თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მშვიდობიანი გზით.