ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტმა საქართველოში პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა.
რესპუბლიკელი კანონმდებლის ინიციატივა, რომლის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. პროექტი აშშ-დან ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. თუმცა მითითებულია პირობებიც – ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დაბალანსებული საარჩევნო კამპანია, მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღდგენის გზაზე. თუ გამოცემას დავეყრდნობით, ჯო ვილსონის მიერ ინიცირებული პროექტი კონგრესში ამ კვირაში უნდა წარადგინონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურ სანქციებსაც გულისხმობს, თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს უკან არ გაიწვევენ. კანონი ვაშინგტონიდან უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს და მისი ამ ფორმით ამოქმედების შემთხვევაში შეზღუდვებიც დააანონსეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში გაჩენილ ისტორიულ შესაძლებლობაზე მიუთითებს. ხელისუფლება კი კანონპროექტში შანტაჟის და ვაჭრობის ნიშნებს ხედავს. საპასუხო ოფიციალურ წერილში „ქართული ოცნება“ იმ პირობებს ასახელებს, რომელთა დაცვას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გადასატვირთად აუცილებლად მიიჩნევს.