მმართველი გუნდის კიდევ ერთი ბრალდება ოპონენტების მისამართით. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ხუთ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებს ვარაუდობს. ნიკა მელია, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე – ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მითითებულ პირებს ხელკეტებით და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული, რომელთა შორის ყოფილი სამხედროები და პოლიციელებიც არიან. წყაროდ პარტიიდან გამოჟონილი ინფორმაცია სახელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომერი დევი ჭანკოტაძე არეულობისთვის მზადებას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ჰყავს დამკვირვებლები, რომელთა შორის ვეტერანებიც არიან. ბრალდების ადრესატები ირაკლი კობახიძის განცხადებას ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აფასებენ.