„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიციირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. კანონების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან -„ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში. აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პაკეტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პირველი მოსმენით განხილული და მიღებული იქნება, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. მმართველი გუნდის ინიციატივას აფასებენ პოლიტიკოსები.