„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კანონპროექტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პირველი მოსმენით განხილული და მიღებული იქნება, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. კანონების პაკეტი – „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში. კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.