პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ამბროლაურში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები. „26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ უნდა დაამარცხოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვისაა აუცილებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ეს ყველაზე გადამწყვეტი არჩევნებია. რისთვის არის აუცილებელი „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მმართველი გუნდის წევრებმა დღეს განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს.