ეროვნული ინტერესების და ოჯახური ღირებულებების დაცვა, ევროკავშირში გაწევრიანება, მშვიდობის უზრუნველყოფა და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება — ამ გზავნილებით მმართველი პარტია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, რაც როგორც შიდა, ისე გარე მტრებისგან ქვეყნის დაცვის და გაცემული დაპირებების შესრულების გარანტია იქნება. თუმცა, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობას უწოდებს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოგონილ თემებზე აპელირებს.