მმართველი პარტიის მიმართვა საზოგადოებას – „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასა და არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აანონსებს. სწორედ ეს გეგმა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობას ასაბუთებს. დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მმართველი გუნდი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს და საკუთარ ელექტორატს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს.
განცხადების მთავარი ხაზი ყოფილი მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა და მისი პოლიტიკური სივრციდან გაქრობის ხედვის საზოგადოებისთვის გაცნობაა. ხელისუფლებაში 12 წლის წინ მოსული გუნდი იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მხოლოდ ახლა აპირებს.
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ გამოცხადებული თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, მეორე ფრონტის გახსნის გაზრდილი საფრთხე, უცხოეთიდან მიღებული დავალებები, რევოლუციური პროცესების განვითარების რისკი – ნაცნობი გზავნილები და რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავებულია. დასახელებულია საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ბრძოლის ოთხი მიზანი, თუმცა მეოთხე გეგმა ამ ეტაპზე ამომრჩევლებისთვის არ კონკრეტდება.