პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. „დღეს ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს/სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს. საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული მკაცრი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში ეს ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში ვხედავთ.
რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება. დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმამდე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი“.