„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

„ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თბილისში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველმა გუნდმა ამ ნაბიჯით „სოციალისტურ პარტიას“ დაასწრო. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ამით ზიანი ისევ საქართველოს ევროპულ მომავალს მიადგება. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი „სოციალისტური პარტიის“ კრიტიკული განცხადებებია, რომელიც უნგრეთში კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას მოჰყვა. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვების შემდეგ, მმართველი გუნდი თანამშრომლობის გაგრძელებას ყველა ევროპულ პარტიასთან გეგმავს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფში კონკრეტულ წევრობას, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია.