პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ათი წელი გავიდა – 2012 წლის პირველ ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი წერს:
„ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. ამის შემდეგ, ქვეყანაში ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
პირველი ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ კი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქში“ წერს.
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, განცხადება გავრცელდა პარტიის მხრიდანაც: დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, – წერია პარტიის განცხადებაში.