ხელისუფლებაში მოსვლიდან მეცხრე წელს მმართველი პარტია ამომრჩევლებს ქუჩაში უხმობს.
„გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ – ამ ლოზუნგით
27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. დაგეგმილ აქციას ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება დაარქვა. მმართველი გუნდი ათეულ ათასობით მოქალაქის შეკრებას აანონსებს და დარწმუნებულია, ამ დღეს ხალხი თავის ძალას აჩვენებს.
ოთხშაბათისთვის დაგეგმილი შეკრება „ნაციონალური მოძრაობის“ 14 ოქტომბრის აქციის კონტრ-აქციად და მარცხის აღიარებად მიაჩნია ოპოზიციის დიდ ნაწილს. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 27 ოქტომბერს სახელისუფლებო გუნდი ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენს და ამით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეეცდება.