კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. ფესტივალი 24 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი კი მაყურებლის წინაშე შექსპირის „ოტელოს“ წარადგენს. ფესტივალის ფარგლებში, სამი ქართული ფილმის ჩვენებაც მოეწყობა. ქართული კულტურის დღეები დანიაში კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება.