ქართული ღვინის დეგუსტაცია ფრანკფურტში

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც სპეციალურად შეირჩა საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინის ნიმუში.

პრეზენტაციას უძღვებოდა გერმანული ჟურნალის „ვინუმის” მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი. პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა  და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია  615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.