"ქალთა მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
“ქალთა მოძრაობა” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. დევდარიანი კონკურსში სახალხო დამცველის წარდგენით მონაწილეობს.
“ქალთა მოძრაობა” მოუწოდებს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს, – წერია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის წევრები ასევე მიმართავენ ომბუდსმენს, გამოითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ.
განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია ნინო ლომჯარია. კომენტარი არც ბრალდებების ადრესატს გაუკეთებია.