ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, პირველი არხის შენობა წითლად განათდა
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
თარიღის აღნიშვნას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემა უერთდება. მაუწყებლის შენობა სპეციალურად წითლად განათდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში ქალთა მკვლელობის 19 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი, შვიდ შემთხვევაში კი სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი. ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ; ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია 94%, დაკმაყოფილებულია – 54%.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად აშუქებს გენდერული თანასწორობის საკითხებს და პრიორიტეტად ისახავს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. წლის დასაწყისში მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ყველა თანასწორია“, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.