მმართველი გუნდი ოპოზიციას აფრთხილებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას და პროვოკაციებს ელოდება. ამ მოტივით „ქართული ოცნება“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მოსალოდნელი თავდასხმების სამიზნეებად საკუთარი გუნდის ლიდერებთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მოიაზრებიან. კრიმინალური აქტები, ვითარების ხელოვნურად დაძაბვა, საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა – ასეთია სქემა, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ოპოზიციის რიგებში აქტიურად მუშავდება. მმართველი პარტია გაზრდილი რისკების და საფრთხეების კონტექსტში ახსენებს ტრამპზე და ფიცოზე თავდასხმებს, ევროკომისრის გაფრთხილებას და სუს-ში მიმდინარე გამოძიებას. პოზიციის გასამყარებლად ერთ-ერთ არგუმენტად ოპონენტი პოლიტიკოსების რიტორიკა და განცხადებებიც სახელდება. რისთვის ემზადება ოპოზიცია – არჩევნებისთვის, თუ არჩევნების შემდგომი დღეებისთვის – პრემიერის დღევანდელ გზავნილებს მიღმა ოპონენტები მოსახლეობის დაშინების მცდელობის კვალს ხედავენ.