ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ავჭალის 119-ე საჯარო სკოლაში. იქ სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. გაფიცვა სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადაყენებას მოჰყვა. თეა ბრეგვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების წერილი განათლების სამინისტროდან გუშინ მიიღო. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის, რადგან მისი თქმით, ის დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თეა ბრეგვაძის განმარტებით, დირექტორობის მოვალეობას ახლა 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგი შეასრულებს და მისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით დაინიშნა თაბუაშვილი, მაშინ, როდესაც არც მას აქვს ჩაბარებული დირექტორის გამოცდა. დირექტორობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი სკოლაში ამ დრომდე არ გამოჩენილა. პროტესტში ჩართული არიან საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა ავჭალის მოქმედი მაჟორიტარი, რასაც სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. სკოლის პედაგოგები დაკავებულ თანამდებობაზე თეა ბრეგვაძის დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი არ განახლდება.
119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.