საპროტესტო აქციის მეორე დღე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან.
რატომ არ შედგა შეხვედრა გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი მძღოლებსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. აქციის მონაწილეების ცნობით, ინიციატივა უწყების წარმომადგენლების მხრიდან იყო, თუმცა მათ უარი განაცხადეს. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ისინი მხოლოდ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომლის ვადაც ხვალ იწურება. აქციის მონაწილეები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ხუთშაბათიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება.
პროტესტს შეუერთდნენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლებიც. სერგო რატიანის თქმით, პარტიამ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების მოსასმენად პარლამენტში დაიბარეს. ხორბლის გადამზიდი ავტოტრანსპორტის მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტრანსპორტის საშუალებით, ხორბლის იმპორტი აიკრძალება. რეგულაცია 15 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო.