პროკურატურის რეფორმა

მთავარ პროკურატურაში რეფორმირების პროცესი იწყება.

საგამოძიებო უწყებაში მოსალოდნელი ცვლილებები ფურცელზე უკვე გაწერილია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იზრდება მთავარი პროკურორის უფლებამოსილება და მთავრობისგან გამიჯვნის პარალელურად, ის უფრო მეტად ხდება ანგარიშვალდებული პარლამენტის მიმართ.

პროექტის განხილვა, სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის. ოპოზიციას და მესამე სექტორს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. შენიშვნები, ძირითადად, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებას ეხება. საუბარია საბჭოზე, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირჩევს და პარლამენტს წარუდგენს.