გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა.
ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“ გუშინ დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა. გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას არ აპირებდა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და კომპანია „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.