მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება განათლების სამინისტროს მიერ სამი წლის წინ დაწყებული პროექტი.
პედაგოგთა პროფკავშირები და სკოლის ადმინისტრაციათა ასოციაცია უწყებას ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს. დარგის სპეციალისტების მტკიცებით, საპილოტე პროექტის გარშემო ინფორმაციული ვაკუუმია და არ იციან, რა კონცეფციასა და კვლევებზე დაყრდნობით აპირებს სამინისტრო სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც სწავლების თანამედროვე მეთოდიკის დამკვიდრებას და ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებას გულისხმობს. პროექტის მიმართ პრეტენზიები აქვს განათლების სამინისტროს იმ სიპ-საც, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. როგორც ირკვევა, ახალი სკოლის მოდელზე კითხვები დაგროვდა იმ სკოლებშიც, სადაც 2018 წელს დაწყებული პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.