საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ხელი უკვე მოაწერა. საკუთარ განცხადებაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის. ამავდროულად, პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუღებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მისი შეფასებით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, ექვსი წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა, თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსაც. თუმცა, მისივე შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.