საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
სალომე ზურაბიშვილმა ისინი საკონკურსო კომისიის მიერ რეკომენდებული სამი კანდიდატიდან შეარჩია. მათ შორის ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. ვაკანტურია ცესკოს ორი წევრის თანამდებობაც, მათგან ერთზე პარლამენტს პრეზიდენტმა ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები შესთავაზა, მეორე პოსტზე კი ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შესაბამისი კანდიდატურები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. წარმოდგენილ კანდიდატებზე კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ან წევრს საკანონმდებლო ორგანო, ხმათა ორი მესამედით დაამტკიცებს, მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში კი – ექვსი თვე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.