ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსანიშნად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ღონისძიება „ჩვენი ხმა ევროპას“ გაიმართა. ადმინისტრაციასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამავე ლოზუნგით გუშინ ხელმოწერების შეგროვების კამპანიაც დაიწყო. ასობით ადამიანმა ხელმოწერით ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა. მოქალაქეებს მომდევნო დღეების განმავლობაშიც შეეძლებათ როგორც ონლაინ, ისე ათონელის რეზიდენციაში მათი არჩევანის დაფიქსირება, რაც დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ევროპის ლიდერებს გადაეგზავნებათ. მოქალაქეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ორბელიანების მოედანზე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მივიდნენ. თავდაპირველად, შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარიზში მიემგზავრება, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ვიზიტის განხორციელების ნებართვისთვის მთავრობისთვის არ მოუმართავს.