საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები ლიეტუვიდან.
ოფიციალური ვილნიუსი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას საკუთარი მხარდაჭერის პირობას აძლევს. დაპირება სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, რომელიც ლიეტუვას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. „საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“, – ამ გზავნილით ჩავიდა სახელმწიფოს მეთაური ვილნიუსში. თავის მხრივ ლიეტუველმა კოლეგამ საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე მიუთითა, დასახელდა გასატარებელი კონკრეტული რეფორმებიც. ლიეტუვის დედაქალაქი ზაფხულში ნატოს სამიტს უმასპინძლებს. სწორედ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იყო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი გზავნილი. უკრაინის ომზე და რუსეთის სასტიკ ქმედებებზე საუბრის დროს გაივლო პარალელები 2008 წლის აგვისტოს ომთანაც, რა დროსაც, პრეზიდენტის შეფასებით, ევროპის ქვეყნების ერთიანობა არ ყოფილა.